logo
ENG



უგულავა: მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვაჩვენოთ ხალხს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეგვიძლია

10 მაი 202118:07
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვაჩვენოთ ხალხს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეგვიძლია
ვახო ქარელი/ფორმულა

პოლიტიკოსი გიგი უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენოს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ამის შესახებ უგულავამ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართულ ოცნებაზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ, ახლა მთავარია ოპოზიცია რას გააკეთებს".

"მგონი, ილუზია არავის არ გვაქვს, რომ ქართული ოცნება შეიცვალა და ხვალ პოლიტიკური ტყვეები არ გვეყოლება. ხვალაც გვეყოლება ტყვეები, ვერანაირი შეთანხმება ამას ვერ შეცვლის. სანამ ქართული ოცნება იქნება, ტყვეების აყვანის პრაქტიკას ისევ გააგრძელებენ, მაგრამ ახლა ქართულ ოცნებაზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ, ახლა მთავარია ოპოზიცია რას გააკეთებს", - აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, მელიას გათავისუფლება ოპოზიციაში ახალი ენერგიის მომტანია. 

"ნიკას გამოსვლა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თამაშის წესების შემცვლელი და ახალი ენერგიის მომტანია. რაც გაჟეჟილია იმედი მაქვს გამთელდება, რაც გამთელებას არ ექვემდებარება, ის ალბათ გატყდება, მაგრამ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვაჩვენოთ ხალხს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეგვიძლია. თუ ამას ვერ ანახებს ოპოზიცია, მაშინ ქართული ოცნება მართლა შეიძლება შეგვრჩეს", - განაცხადა უგულავამ.

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა