„ევროპული საქართველოს“ ლიდერებზე თავდასხმის მონაწილე ორი პირი იმყოფება გამოკითხვაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ხოლო გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ადგილზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„მე და გოკა მივდიოდით შეხვედრაზე, სადაც უნდა გავცნობოდით მასალებს ბიძინა ივანიშვილის ბინძურ საქმიანობაზე. როგორც ჩანს მათ ეს გაიგეს, რომ სერიოზულ კვალს ვადექით. ველოდებოდით ჩასხდომას, როცა ორი პირი დაგვესხა თავს და გვითხრეს, რომ ვეღარ გავემგზავრებოდით. იმის მერე ხუთი საათია, ჩვენებაზე ვართ. ბოლო საათ-ნახევარს ტყუილად ვისხედით. იმიტომ მივდიოდით, რომ შეგვემოწმებინა, რამდენად სარწმუნოა და ვალიდურია მტკიცებულებებად. საუბარია ივანიშვილის რუსეთში საქმიანობებზე, სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში. მოყოლით შოკისმომგვრელი ამბავია, მაგრამ სანამ საბუთები არ გვექნება, ვერაფერს ვიტყვით. ლეგალურად ვერ გაგვაჩერეს და ასეთი გზა იპოვეს. როგორც ვიცით, ის ორი ადამიანიც დაკავებულია, ვითხოვეთ თავდამსხმელების სახელი და გვარი, მაგრამ ისე დავტოვე შენობა, ვერ გავიგეთ მათი ვინაობა. ალბათ უმზადებენ ალიბს. არის სავარაუდოდ სუს-ის აგენტი, რომლებიც მოდიან პირდაპირ ნაცნობი ტექსტით და ამ ტექსტს მოჰყვება მუშტი-კრივი. ჩვენს ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი და ივანიშვილის ოპრიჩნიკებს აქვთ ყველაფრის უფლება", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს დღეს აეროპორტში დაესხნენ თავს.