ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სტუმრობისას ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიციამ კოალიციური მუშაობისათვის საჭირო თანამშრომლობის რეჟიმი უნდა ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ხელახალ არჩევნებამდე ჩამოყალიბდეს ახალი ბლოკებიც.
"ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალკე რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოპოზიციამ და ცხადია, ერთის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება კონსოლიდირებული ხედვა და მეორე მხრივ, ისე გამოვიდა, რომ ვლაპარაკობდით კოალიციაზე, მაგრამ წინასაარჩევნოდ ერთმანეთი დავხოცეთ.
და ახლა არჩევნები დამთავრდა და ისევ გვიწევს კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო, მათ შორის ბლოკებიც წარმოიქმნება და იქნება თანამშრომლობის რეჟიმი ისეთი, რომ მომავალ კოალიციურ მუშაობას ჭირდება", - ამბობს უგულავა.
მისი თქმით, იმის დასაჯერებლად, რომ ოპოზიციას კოალიციურად მართვა შეეძლება, მოსახლეობას სჭირდება, რომ თანამშრომლობას ოპოზიციაში უკვე ხედავდეს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს აქტიური ფაზა როდესაც დამთავრდება, მერე უკვე ბლოკებიც უნდა შეიქმნას, მეტი თანამშრომლობა უნდა იყოს და დაიდოს ხედვები, წინადადებები, ისე კი არა, როგორც აქამდე ვიყავით, ეს უნდა გამსხვილდეს. ჩვენ ხალხი გვეუბნება, კოალიცია გინდათ? მოდი, აბა, მანახე ოპოზიციაში როგორ შეგიძლია თანამშრომლობა.
თუ ამას ანახებ და თუ ეს გულწრფელად დაიჯერა, მერე დაიჯერებს, რომ შენ კოალიციურად მართავ. ამ თვალსაზრისით, სხვათაშორის, ჩვენ ტესტი ვერ ჩავაბარეთ წინასაარჩევნოდ და მე ვფიქრობ, რომ აწი ეს პერიოდი ამის შესაძლებლობა გვექნება", - ამბობს უგულავა.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.