logo
ENG



უგულავა: ქორვაჭარი და სულით მდაბალი ივანიშვილი, ამებასავით მოედო ქვეყანას

09 თებ 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

„არანაირი საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები და ვაჭრობა - „დაგიჭერ და მერე 100/50-ზე დათანხმდი“ არ იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ჩართვისას განაცხადა.

უგულავამ მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრა, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს და არ გამორიცხა, ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის იძულებას ცდილობდეს, რომ მათ წინადადებას დათანხმდნენ.

„ასეც შეიძლება ფორმულირება, თუმცა ივანიშვილი, როგორც ბუნებით ქორვაჭარი, ბუნებრივია, შეიძლება ასე უდგებოდეს საკითხს, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი გავუცრუო მარტივად - არანაირი ვაჭრობა, ხელისუფლებასთან არ იქნება, არანაირი საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები ხელისუფლებასთან არ იქნება, არანაირი ვაჭრობა დაგიჭერ და მერე 100/50-ზე დათანხმდი არ იქნება, ხელისუფლების ძალადობით და მანიპულირებით შენარჩუნების მცდელობა არ იქნება. ივანიშვილს სხვა არაფერი აქვს დარჩენილი გარდა ვაჭრობისა, უბრალოდ მან უნდა იცოდეს, რომ ხალხის ზურგს უკან არავინ არ აპირებს ვაჭრობას. ვაჭარი, ქორვაჭარი, სულით მდაბალი არის ეგ სუბიექტი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ამებასავით არის მოდებული ქვეყანას, მთლიანად მის სხეულს, მის სახელმწიფოებრიობას, მის ინსტიტუტებს და ასე რაღაცნაირად სიმულაციურ სივრცეში აქვს გადატანილი, თითქოს ყველაფერი არსებობს, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში არაფერი არ არსებობს. მთავარი რა პრობლემასაც დღეს ვხედავ, რა გაქანება და აჩქარებაც აქვს ივანიშვილს აღებული, ეს არის საგანგაშო“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება თბილისის მერის განცხადებას, თითქოს „უგულავამ ბრალი აღიარა“, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ კახა კალაძე „ფუფლოა“, რადგან ბრალდება ვერ დაასაბუთა.

„ამ პოლიტიკურად ცვედანი სუბიექტის გამეორებას მე არ ვაპირებ. მისთვის ჰომოგენური ენით, ის ჩვეულებრივი ფუფლოა იმიტომ, რომ მოიტყუა. მეტ შეურაცხყოფას არ მივაყენებ, რადგან მან საკუთარ თავს უკვე მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც უბრალოდ იცრუა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ მოიტყუა და შესაბამისად, არის ის, რაც მე ვთქვი“, - აღნიშნა უგულავამ.


close დახურვა