logo
ENG



უგულავა: ღარიბაშვილი მოლაპარაკებას აზიანებს, ოცნებას ჩაშლის საბაბს არ მივცემთ

08 მარ 202114:07
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია არ მისცემს ქართულ ოცნებას საშუალებას, ჩაშალოს მოლაპარაკებები.

ერთიანი ოპოზიციის ფორმატში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა განაცხადა, რომ მოქმედი პრემიერმინისტრის მონაწილეობა ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აზიანებს და კრიზისის განმუხტვის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ განმუხტავს სიტუაციას. გვინდა მოვუწოდოთ ოცნებას, რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით. ოცნებას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ხელები გაიშვიროს და მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს. ჩვენ განვიხილავთ  შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმას ხელისუფლებას მშვიდობიანად ცვლილების გეგმად და არ მივცემთ ქართულ ოცნებას საშუალებას, ხელები გაიშვიროს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.

თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

პირველ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია  პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. 

მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა. 


close დახურვა