ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს. ამის შესახებ მან ფორმულას დღის ეთერში ისაუბრა.
უგულავას თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა შეირჩეს, რადგან შედეგების გამოცხადების შემდეგ შეუთანხმებლობა არ იყოს.
"სამი დღეა ვუსმენ, გამოდიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიიდან და სხვა პარტიებიდან, პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, არ ვიცით ვის გულისხმობს და ა.შ. ასეთი დამალობანა არ შეიძლება. პრემიერმინისტრი არ შეიძლება უჯრიდან ამოვიღოთ და გამარჯობა ეს იქნება თქვენი პრემიერმინისტრი. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.
ამ წუთას, პოლიტიკური "მომენტუმი" აქვს ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად და 10-ის ნახევარზე, როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ ქართული ოცნება არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ", - განაცხადა უგულავამ.