logo
ENG



უგულავა კობახიძეს: პარლამენტში თუ მარტო იქნებით თავს გადავიპარსავ, თუ არადა, შენ გადაიპარსე

08 დეკ 202022:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/pv5klbtqidhur04.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების გენერალურ მდივანს საჯარო ნიძლავს სთავაზობს. უგულავას თქმით, თუ 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, ქართული ოცნება მარტო იქნება საკანონმდებლო ორგანოში, კობახიძემ თავი უნდა გადაიპარსოს, თუ არადა, თავად გადაიპარსავს

"მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. დავდოთ, თუ უნდა, საჯარო ნიძლავი, ხვალ თუ მიიღებს მაგ ნიძლავს. 11-ში თუ იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი, თუ არადა, მე გადავიპარსავ. აი, შეთავაზეთ ხვალ", - ამბობს უგულავა. 

უგულავას იმედი აქვს, რომ მერყევი პოზიციის მქონე პარტიებიც უარს იტყვიან პარლამეტში შესვლაზე და ქართულ ოცნებას მარტო დატოვებენ. 

"მარტო იქნებიან, ვინც ყანყალებს, იმათაც აქეთ ვთვლი", - განმარტავს უგულავა, თუმცა არ აკონკრეტებს იმ პარტიების, რომლებსაც, მისივე თქმით, ბოიკოტთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციები არ აქვთ. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ კობახიძემ, ოპოზიციური პარტიების მთავარ მოთხოვნებზე უარის მიუხედავად, განაცხადა, რომ პარტიების ნაწილთან შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია. 

მან ასევე თქვა, რომ პარლამენტში შესვლაზე ერთობლივი უარის შემთხვევაში, პარლამენტი სპეციალურ მექანიზმს აამოქმედებს, რათა პარტიებს გადაწყვეტილების შესაცვლელად მეტი დრო მისცეს. 

მოლაპარაკებებიდან გამოსული საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიები ერთხმად აცხადებენ, რომ ძირითადი მოთხოვნების შეუსრულებლობის და ერთობლივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ. 

სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პარლამენტის შეკრებამდე, მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. 

შეთანხმების მიღწევის გარეშე, საქართველოს, დაომუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. 


close დახურვა