logo
ENG



უგულავა მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის ხალხის დაპირისპირება ივანიშვილთან

07 მარ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დრო დასრულდა. 

უგულავამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არა კონკრეტული პარტიები, არამედ კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობა გამოდის. 

მისი თქმით, არავინ აღარ დაიჯერებს იმ რიტორიკას, რომ დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებობს.

„7 წელი ვუყურებდით ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას, რომ პოლიტიკური პროცესი არის მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. სააკაშვილს როგორც მსხვილ პოლიტიკოსს, ეს თამაში აწყობდა და სწორედ ამიტომ, მან პოლიტიკური სიცოცხლე შეინარჩუნა. ივანიშვილის არასწორი ტაქტიკა ჰქონდა, როდესაც ნარატივი შესთავაზე 2013 წლიდან. მაგრამ ეს ნარატივი დასრულდა მეორე ტურთან ერთად, 2018-ში. დღეს რაც არ უნდა შეეცადოს და თქვას, რომ ეს არის დაპირისპირება ორ პარტიას შორის, ეს უკვე მცდარი იქნება. ეს არის ხალხის დაპირისპირება ივანიშვილთან. ივანიშვილმა რომელმაც გადააგდო, ივანიშვილი რომელიც ხალხს გაუბრაზდა და ყველაფერს აკეთებს, რაც ხალხს არ უნდა. ეს არის პროცესი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ კრიჭაში ჩაუდგეს ხალხს. ამიტომ ვერავინ ვეღარ მონათლავს ამას, ივანიშვილის და სააკაშვილის დაპირისპირებად. ყველა პარტია არის, ხალხის წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის საქმე არის წასული. მაშინაც კი როდესაც 2012 წელს, ხელისუფლებაში კრიზისი გვქონდა, იყო 1, 2 ან 3 პარტია, რომელიც გველაპარაკებოდა“, - განაცხადა უგულავამ გიორგი თარგამაძესთან სატელეფონო საუბრის დროს. 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ თანხის მითვისება არ დასტურდებოდა და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს. უგულავას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო არსებული კრიტიკა, კიდევ უფრო გაამწვავა. ისინი ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე საუბრობდნენ ხელისუფლებას აღნიშნავდნენ, რომ უგულავას დაპატიმრება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

 

 


close დახურვა