ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია - ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტის კომიტეტებიც კი დატოვეს. სესიისა და კომიტეტების სხდომებს კვლავ არ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. საპარლამენტო საქმიანობას პროტესტს დამოუკიდებელი დეპუტატებიც უცხადებენ. ოპოზიციური ძალების პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას თქმით, იმ პირობებში რა პირობებშიც მმართველ პარტიას მუშაობა უწევს, ეს ბუნებრივი პროცესია.
„ეს ბუნებრივი პროცესია, აბსოლუტურად გაუგებარ მოდალობაში გადავიდა საკანონმდებლო ორგანო, მაგალითად როდესაც ამხელა პიკეტი იყო თვითონ კი რკინის ჯებირებში და გაუგებარი ხვრელებით მიძვრებოდნენ ამ პარლამენტის შენობაში, მიდიოდნენ, იმიტომ რომ გამონთავისუფლებული სკამები გაენაწილებინათ, ქართული ოცნების რაოდენობა შემცირდა და ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზარდა, აი ესეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, ეს ხალხი მარტო თანამდებობებისთვის, მარტო სკამისთვის, ბენზინის ტალონებისთვის და რაღაც მანქანებისთვის იბრძვის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭნაძის თქმით კი, დღეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის არა ხალხისთვის, არამედ ერთი ადამიანისთვის მუშაობს.
„მე ვფიქრობ იმ ორგანოში მუშაობას საერთოდ აზრი აღარ აქვს სანამ არ დაბრუნდება ამ ქვეყანაში ხალხის უფლება, მართოს ეს ქვეყანა დეპუტატების მეშვეობით, იმიტომ რომ დღეს დეპუტატები არ მართავენ ხალხის ნებით, ისინი მართავენ ერთი ადამიანის ნებით. არანაირი ჯანსაღი აზრი იქ აღარ არსებობს, შესაბამისად ბოიკოტი არის ის ფორმა, რომელსაც მივმართე მე“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.