„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულვა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. უგულავას თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ბიძნა ივანიშვილმა მიიღო.
„მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში, რადგან ეს არის ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა. რას ვაპირებ მე - მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და კონცეტრაცია საქმეზე. გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, გამარჯვების წინაპირობაა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და ივანიშვილი, ფაქტია, გონდაკარგულია. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში. მე ამაზე არ ვწუხვარ“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუბარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.