logo
ENG



უგულავას თქმით, ოპოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მეორე ტურს სრული იგნორით უპასუხებს

20 ნოე 202015:38
3 წუთის საკითხავი
clock 733
უგულავას თქმით, ოპოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მეორე ტურს სრული იგნორით უპასუხებს

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის "სრული იგნორირებაა".

როგორც უგულავამ ლელოს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ცალკეულ პარტიებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული აქტივობები, თუმცა ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებაში ერთიანია. 

მან ეორე ტურს "ფარსი" უწოდა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მასში მონაწილეობა არ მიიღონ.

"საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს". ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. ევროპული საქართველო საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ხვალ, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება. 

ოპოზიცია კი ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 


close დახურვა