logo
ENG



უგულავას საქმეზე პროკურატურა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

03 თებ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავას საქმეზე პროკურატურა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს - ინფორმაცია ამის შესახებ „ფორმულას“ პროკურატურის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავასა და დანარცენ ბრალდებულ პირებს ბრალი გაფლანგვისთვის უნდა წარედგინოთ.

„2019 წლის 09 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია გიორგი უგულავას, დავით ალავიძის, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, ალექსი თაბუაშვილის და დიმიტრი ჩხეიძის დამნაშავედ ცნობა გაფლანგვისათვის (გამოძიებისას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით).  უგულავას ორგანიზებით გ.საბანაძის, დ.ალავიძის, დ.ავალიანის, ა.თაბუაშვილის მონაწილეობით და დ.ჩხეიძის დახმარებით აიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, პარტიის ლიდერების შეხვერდები მხარდამჭერებთან და გადახდილი იქნა პარტიულ აქტივის ხელფასები. გაწეულ ხარჯს შეხება არ ჰქონდა ფონდის საქმიანობასთან. მთლიანობაში, ხსენებულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები 48 180 960 ლარის ოდენობით", - ვკითხულობთ პრესსამსახური მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

არ არის გამორიცხული  ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვებიდან 3 წლის შემდეგ, გიგი უგულავა „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დაიჭიროს. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას უგულავასა და მისი ადვოკატის პოზიციების მოსმენის გარეშე, 10 თებერვალს, გამოაცხადებს.

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური რეპრესიებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას 2020 წლის არჩევნებისთვის ცდილობს.

პროცედურული დარღვევები იკვეთება სასამართლოს ეტაპზე - ამის შესახებ დაცვის მხარე საუბრობს.

გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ახლად გამწესებული ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე მიიღებს. უგულავას ადვოკატი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე პროცედურულ დარღვევას შორის, რომელიც ამ საქმეში არსებობს.

საკასაციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება 6-თვიან ვადაში უნდა მიეღო. თუმცა უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სარჩელი უზენაეს სასამართლოში გაჩერებულია. 2019 წლის 23 იანვრის შემდეგ, მესამე ინსტანციაში შესაბამისი მოსამართლე ვერ მოიძებნა, ვინც ამ საქმეს განიხილავდა. 

„ქართული ოცნების" ლიდერებისთვის სადავო არაფერია - დარწმუნებულები არიან, რომ საკასაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უგულავამ 50 მილიონი ლარი მიითვისა და ეს აღიარა კიდეც. საწინააღმდეგოს ამტკიცებს თბილისის ყოფილი მერი. უგულავა ამბობს, რომ მას ბრალი არასოდეს უღიარებია. უგულავამ კალაძეს მისი აღიარების წარმოსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა, თუმცა, უმრავლესობას დოკუმენტი ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია

პოლიტიკური დევნად აფასებენ ოპოზიციაში გიგი უგულავას საქმეზე უზენაეს სასამართლოში განხილვის განახლებას. მათი განცხადებით, საქმეზე, რომელზეც უკვე არსებობს განაჩენი და უგულავას საპატიმრო ვადაც გასული აქვს, განხილვების განახლება მის დაკავებას ემსახურება. 

პროკურატურა გიგი უგულავას „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები არ გაიზიარა და უგულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა