logo
ENG



უგუნური, ქაოტური შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს, საფრთხეს ქმნის - აბესაძე

23 აპრ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულ დაჯარიმების წესს დღეს პარლამენტი განიხილავს. ოპოზიციაში მოსახლეობის არასათანადო პირობებში ჩაყენებაზე საუბრობენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, საფრთხის შემცველია.

„ხელისუფლება 3 ათასი ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს, რიგში მყოფ მამას და შვლის, მაგრამ იმავდროულად, ათასობით ადამიანს აძლევს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას,  რაც მართლაც ქმნის ვირუსის გავრცელების რეალურ საფრთხეს. ასეთივე საფრთხეს ქმნის უგუნური, ქაოტური შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს, მაგალითად მანქანებით გადაადგილების აკრძალვაზე, როდესაც ადამიანს იძულებულს ვხდით მეტი დრო გაატარონ ფეხით ქუჩაში, მეტ ადამიანთან ჰქონდეთ შეხება, მეტი დრო გაატარონ უბნის მაღაზიების რიგში, რადგან მათი დიდი ნაწილი დაიკეტა და შეფერხებით მუშაობს მანქანების აკრძალვის გამო. ეს იმავდროულად მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ადამიანების შესაძლებლობებს, მიიღონ ელემენტარული შემოსავალი იმ პირობებში, როდესაც მათ სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება“, - განაცხადა აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ფინანსური სანქციები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს.

„თუ ადამიანმა არ იგრძნო სასჯელის ტვირთი, ის შეეცდება რომ დაარღვიოს, თუმცა უნდა იყოს ადეკვატური და შესაფერისი ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელშიც საქართველო იმყოფება. ჩვენ მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით დაახლოებით 115-ე ადგილზე ვართ და ისეთ ადმინისტრაციულ ზომებს ვერ დავაწესებთ, მათ შორის ფინანსური სახის, რომელიც მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს. რაღაც ოქროს შუალედი უნდა იქნას დაცული ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, მოჭრილი სამი ათასი ლარი არასწორია, დიფერენცირებული უნდა იყოს, მაგალითად ათასიდან 3 ათას ლარამდე, ან სამი სხვადასხვა კატეგორიის იყოს დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 


close დახურვა