ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, 15 მაისს ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
უდუმაშვილმა რიყის პარკში, სადაც ოპოზიციაა შეკრებილი, თქვა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა.
"წინ კიდევ სერიოზული გამოცდები გველის, რადგან ბრძოლა არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, როდესაც პოლიტპატიმრები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და როდესაც გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა და უნდა დავასრულოთ ისეთი ქვეყანა, სადაც იარსებებენ პოლიტიკური დევნილები. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ უსამართლოს განცდა, სადაც ხელისუფლებისთვის ყველაფერი შეიცვლება, სხვებისთვის - არაფერი. ჩვენ უნდა დავასრულოთ, რომ ერთი კასტა, ივანიშვილთან დაახლოებული პირების, მდიდრდებოდეს და დანარჩენი საქართველო ღარიბდებოდეს, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ჩვენს მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს ხვალინდელი დღის იმედი. სწორედ ამიტომ, 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შევიკრიბოთ და შევცვალოთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", - თქვა უდუმაშვილმა.