logo
ENG



უდუმაშვილი: აქციების ფორმატს შევცვლით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საბაბი არ მივცეთ

02 მარ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
უდუმაშვილი: აქციების ფორმატს შევცვლით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საბაბი არ მივცეთ

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. 

ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატის შეცვლაზე იმსჯელა, რათა ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი, მათ მოლაპარაკების ჩაშლა დააბრალოს. 

უდუმაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული ოცნების სხვა წევრების განცხადებებმა განაპირობა - მათ ოპოზიციას ვითარების რადიკალიზაციასა და პირობის დარღვევაში დასდეს ბრალი. 

"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და თავიდანვე გქონდა დაანონსებული, რომ შენობის არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს. ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ ბრალდებები რადიკალიზმზე და ა,შ 

ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ". - თქვა უდუმაშვილმა

​აქცია პარლამენტთან დღეს, 2 მარტს, დილით გაიმართა. პოლიციამ 7 ადამიანი, მათი აზრით, მიუღებელი ფრაზების სკანდირების გამო დააკავა. მათ აქტივისტებს მოუწოდებს, სკანდირებისან თავი შეეკავებინათ, თუმცა, დემონსტრანტებმა ეს არ გაითვალისწინეს. 

მოლაპარაკება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 1-ლ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა. 

საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი. 

მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მოაწყო და გაკეთდა განცხადებები, რომ მოლაპარაკებები გაგრძელება, აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ერთი მიღწევით არ კმაყოფილდებიან და აუცილებელია, ქართული ოცნების წევრებისთვის დისკომფორმტის შექმნა გაგრძელდეს. 


close დახურვა