პარლამენტთან მყოფი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პიკეტირება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ოპოზიცია და აქტივისტები შეეცდებიან უმრავლესობის წევრებს მასიმალური დისკომფორტი შეუქმნან.
„ვნახოთ რა გეგმა აქვთ პარლამენტში შეპარვის. ამას ვნახავთ უახლოეს საათებში. დილის 07:00 საათზე მოვედით აქ, რადგან წინა პიკეტირება როდესაც გვქონდა, სწორედ ამ დროს შეაპარეს უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში. ამიტომ მოვედით უთენია, რომ მათ დავხდეთ. თუ მომავალშიც აპირებენ, რომ საკუთარ კაბინეტებში ასე დარცხვენილები იპარებოდნენ, ეს მათი არჩევანია. მაგრამ აქ შევიკრებით მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. დღეს უნდა მოხდეს მოსამართლეების კენჭისყრა. იმ სიის კენჭისყრა, რომელიც ივანიშვილმა ჩამოუწერა და გუნდის ყველა წევრმა მონური მორჩილება აღუთქვა ოლიგარს. სასამართლო სისტემა არის ჩვენი ქვაკუთხედი, ამიტომ მაქსიმალურად ხელს შევუშლით ამ კენჭისყრას. მათ არ აქვთ მორალური უფლება რომ ხალხთან გაიარონ ან მათი კრიტიკა მოისმინონ. ეს შეპარვები ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება გაკოტრებულია. ყველა კართან ვართ მობილიზებული“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
პიკეტირებაზე საუბრობს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია. "ევროპული საქართველოს" დეპუტატი აცხადებს, რომ აქციის დასაშლელად ხელისუფლება სავარაუდოდ ისევ პოლიციურ ძალებს გამოიყენებს.
"ჩვენი დღევანდელი გეგმა არის პიკეტირება. გარდა იმ შეურაცხყოფისა რაც მიაყენა ივანიშვილმა საზოგადოებას, ახლა კიდე აპირებენ ამ მოსამართლეების კენჭისყრას. ამით ისინი სასამართლოს სრულ უზურპაციას მოახდენენ. პიკეტირება გაგრძელდება. სავარაუდოდ ისევ მოუწევთ ძალის გამოყენებით ჩვენი დაშლა", - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან დილის 07:00 საათიდან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებას იწყებენ. პარლამენტში ორი მნიშვნელოვანი საკითხის - ნიკა მელიას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის და მოსამართლეების უვადოდ არჩევას უყრიან კენჭს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება პერიოდულად იძაბება. ადგილზე პოლიტიკოსებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმა სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.