ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში მყოფი ადამიანები არიან გაფრთხილებულები პროვოკაციის შესახებ.
კერძოდ, როგორც უდუმაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, თუ პარტიის ოფისში შენიშნავენ პოლიციის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ისინი ავტომატურად პროვოკატორებად ჩაითვლებიან.
უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი მაინც შევა, ადგილზე მყოფები მათ ხელაწეულები დახვდებიან.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ პროვოკატორები პარტიის ოფისში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დააფიქსირეს, მათ შორის მაშინ, როდესაც ადგილზე პოლიცია უწყების ჩასაბარებლად მივიდა.
"გუშინაც აღმოვაჩინეთ საეჭვო პირები, რომლებიც განვარიდეთ აქედან. ყველა ადამიანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი გაფრთხილებული გვყავს, რომ თუ დაიწყება შტურმი და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იქნებიან განწყობილი პოლიციელების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პროვოკატორი და ის ჩვენი ძალებითვე უნდა გავანეიტრალოთ, რომ არ მოხდეს შეტაკების პროვოცირება.
ბევრს მეკითხებიან თუ რა არის ჩვენი გეგმა თუ სპეცრაზმელები შემოვლენ. ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი - ჩვენ ვხდებით ხელაწეულები, მომღიმარები სპეცდანიშნულების რაზმს, და უბრალოდ ვიცავთ თავს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს იქნება ჩვენი დახვედრა, თუ შემოვა აქ სპეცრაზმი. იმედი მაქვს, რომ გონიერება გადაძალავს იმ სიძულვილს, რომელიც დღეს პარლამეტში გვესმოდა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის ოფისში იმყოფება და მასთან ერთად ადგილზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც არიან. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავება არაკანონიერია და მას "შიშველი ხელებით" დაიცავენ.
მელიას დაკავება პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის გამო, გადაიდო. ოპოზიციური პარტიბი ენმ-ის ოფისში უკვე 1 კვირის განმავლობაში არიან.
