logo
ENG



უდუმაშვილი აქტივისტების დაკავებაზე: დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურია

02 მარ 202109:56
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის პიკეტირებისას სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღესდღეობით პოლიცია ერთი ადამიანის სამსახურშია. უდუმაშვილის თქმით, პოლიციელებს დავალება აქვთ, რომ აქციიდან ადამიანები "მოიპარონ".

ენმ-ის წევრის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს - არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, არ დაიწყებს დიალოგს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ.

"ეს არის, როდესაც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობ. ჩვენი აქცია მშვიდობიანია. უბრალოდ, ხმამაღალ პროტესტს გამოვხატავთ და ძალიან აღიზიანებთ ჩვენი პროტესტი და გადასულები არიან ასეთ ძალადობრივ მეთოდებზე. სამწუხაროა, რომ დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურია და არა სამართალდამცავ ორგანოებს. მოპარვაზე არიან გადასულები. ბესო გაზდელიანი ამოდიოდა, აქცია არ იყო ჯერ დაწყებული და მოიპარეს. დავალება აქვთ, რომ ადამიანები მოიპარონ, რათა აქციაში სიხალვათე იყოს, მაგრამ ეს პროტესტი გაგრძელდება. დღეს აქ ვართ, ხვალ კანცელარიასთან ვიქნებით, ზეგ შსს-სთან და ა.შ.", - აცხადებს უდუმაშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასა და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას ცდილობენ. 

პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა აქტივისტები მათი შეძახილების გამო, თუმცა, შეკრებილმა მოქალაქეებმა შენიშვნები არ გაითვალისწინეს, რის გამოც რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.


close დახურვა