logo
ENG



უდუმაშვილი ახალ ელჩებზე: მეფის კარზე ერთგულება დაუფასდათ

21 თებ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩების დანიშვნას ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს შეიძლება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებადაც დაუჯდეს.  

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ აბესაძე მიიჩნევს, რომ სოფო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნა ცხადყოფს თუ რამდენად გულწრფელი იყო მისი შეშფოთება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ.

„ლევან იზორიას დანიშვნა ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ელჩად, ადამიანის, რომელსაც ფაქტობრივად, საკუთარი უმაღლესი თანამდებობიდან გაპარვა მოუწია და როგორც ამბობენ კორუფციული სკანდალების გამო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ქვეყნის შიგნით არსებულ არაჯანსაღ სიტუაციაზე. გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის არაფორმალური მმართველი არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იგივე ეხება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის დანიშვნას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად გულწრფელი იყო ივანიშვილის განცხადება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მეორე მხრივ, რამდენად გულწრფელი იყო ამ ადამიანების აღშფოთება საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩავარდნის გამო“, - განაცხადა აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით კი, ახალი ელჩების დანიშვნით საქართველომ, შესაძლოა, უმნიშვნელოვანეს ქვეყნებთან გაიფუჭოს ურთიერთობები. 

„ამ ადამიანებს მეფის კარზე ერთგულება დაუფასდათ და მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტეს მათი ელჩებად დანიშვნა. მთავარი პრობლემაა, რომ ეს ხალხი ელჩებად ინიშნება უმნიშნელოვანეს ქვეყნებში. გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა. როდესაც ელჩად გერმანიაში უშვებ იზორიას, რომლის სახელსაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ კორუფციული სკანდალი უკავშირდებოდა, ეს გზავნილია იმ ქვეყნისთვის -  ჩვენ არაფრად გვიღის ეს ურთიერთობა და ვისაც გვინდა იმას გამოვუშვებთ. ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ „ფორმულა ნიუსის" ინფორმაცია დადასტურდა - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ლევან იზორია, საბერძნეთში კი დავით დონდუა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი 16 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

რაც შეეხება იზორიას, მისი პოლიტიკური წრიდან გაუჩინარების შესახებ „ფორმულამ" სიუჟეტი ცოტა ხნის წინ მოამზადა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში იმყოფებოდა, მიზეზი კი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა. საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხებოდა.  

გარდა ამისა, სკანდალი იყო  იზორიას ძმის საქმეზე. ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.



close დახურვა