ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
"დეტალურად განვიხილეთ დოკუმენტი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. არანაირი გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა. იმ მიზეზის გამო, რომ საღამოს კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნა. ამ შეხვედრას არ ველოდებოდით. ეს გახდა ცნობილი, როცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიყავით. არ ვიჩქარეთ არანაირი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეხვედრა ჩაინიშნა - ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება და შესაძლოა კიდევ გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ, ასევე ლელომ და ზურაბ ჯაფარიძემ.