ზაალ უდუმაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს "სადამსჯელო ოპერაციას" უწოდებს და ამბობს, რომ ამ მეთოდებით ხელისუფლება აქტივისტების დაშინებას ცდილობს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ქართული ოცნება ასეთი ფორმით ვერ დააშინებს აქტივისტებს და ვერც არსებულ პროტესტს ჩაახშობს.
„ეს არ არის კანონპროექტი, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია აქტივისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ მივიღებთ, რომ ჯარიმები შეიძლება გაიზარდოს 4000 ლარამდე - ვის აქვს იმის საშუალება, რომ ყველა ადმინისტრაციულ დაკავებაზე ამდენი იხადოს. შემდგომ ეს შეიცვლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით.
ეს არის აშკარა მცდელობა ხელისუფლებისგან, რომ აქტივისტებზე ზეგავლენა მოახდინოს და დააშინოს. მათ ისედაც სოლიდური ჯარიმები აქვთ დაგროვილი და ეს არის ფუჭი ილუზია ხელისუფლებისგან, რომ ამ მეთოდებით შეაჩერებენ პროტესტს, რომელიც არის ქვეყანაში", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
26 აპრილს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
მეორე კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება.
პარლამენტი ორივე კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.