logo
ENG



უვადო მოსამართლეების არჩევის გამო ევროსტრუქტურები ოცნებას აკრიტიკებენ

14 დეკ 201920:23
3 წუთის საკითხავი
 
34z1yspsog4z00t.jpg

მოსამართლეების არჩევის გამო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში იმედგაცრუებას ვერ მალავენ და „ქართულ ოცნებას“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.​ თამანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ ისე განაწესა, რომ არც საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები გაითვალისწინა და არც სამოქალაქო საზოგადოების. ამ 14 მოსამართლეს შორის კი არიან ისინი,  ვისაც არ ენდობა საზოგადოება, არ არიან დამოუკიდებლები  და შესაბამისი ცოდნაც არ გააჩნიათ.

არანაკლებ მწვავეა ევროკავშირის განცხადებაც. საგარეო სამსახური ოცნების ხელისუფლებას მიუთითებს, რომ მოსამართლეების შერჩევისას არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და რომ პროცესი სერიოზული ხარვეზებით და გაუმჭვირვალედ წარმართა. ევროკავშირის საგარეო სამსახური საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ახსენებს.

ევროპელი პარტნიორების მკაცრი ტონი  არ უკვირთ ოპოზიციაში. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი, რომ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“  ლეგიტიმაცია უკვე საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც დაკარგა. 

შენიშვნებს და  კრიტიკას ევროპელი პარტნიორების მხრიდან არ იზიარებენ მმართველ გუნდში. მეტიც, მთავრობის წევრები ევროპელ პარტნიორებს მიუთითებენ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ვალდებულები არიან პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცენ.  

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებიდან ირკვევა, რომ უზენაეს სასამართლოს დარჩენილი 14 მოსამართლეს შერჩევას და უვადოდ გამწესებას  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე პრინციპით  აპირებს. თუმცა, იმისთვის, რომ  პარტნიორების რეკომენდაციებს გვერდი ვერ აუაროს, სანდო დამოუკიდებელი და კვალიფიციური მოსამართლეები შეარჩიოს - ევროსაბჭოს თანამომხსენებლები საქართველოში ჩამოდიან. 


close დახურვა