logo
ENG



უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: სასამართლო სისტემას ამერიკაშიც აკრიტიკებენ

21 დეკ 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: სასამართლო სისტემას ამერიკაშიც აკრიტიკებენ

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ილონა თოდუა ამბობს, რომ "მოსამართლეებს სხვა ქვეყნებშიც აკრიტიკებენ, მათ შორის, აშშ-შიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის უფლება გვაქვს". 

ილონა თოდუას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, მისი აზრით, რატომ უჩნდებათ მოქალაქეებს სურვილი, მოსამართლეებს მონა უწოდონ. ამ კონტექსტში ჯანეზაშვილმა 2019 წლის 20 ივნისს დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები ახსენა, როცა მოსამართლე ათობით ადამიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ერთად განიხილავდა. ეს ფაქტი საქართველოს იურისტთა ასოციაციამაც უარყოფითად შეაფასა და თავის ანგარიშში მიუთითა, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა დასაბუთებული, რა ნიშნით აერთიანებდა ბევრი ადამიანის საქმეს. 

"ის, რომ საზოგადოებამ უწოდა კონკრეტულ პირს ის, რაც უწოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. თუმცა, კრიტიკას შეიძლება იწვევდეს უსამართლობის განცდა. არ ვიცი, რატომ უჩნდებათ მოქალაქეებს ამის სურვილი. მოქალაქეები იყენებენ უფლებას, მიმართონ სასამართლოს. თუ დარღვეული უფლების აღდგენა ხორციელდება მექანიზმით და ესეც გაწერილია. მინდა, პასუხი სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციო. ეს არის კრიტიკა და ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხდება ხოლმე სასამართლოს და სასამართლოს მოხელეების მიმართ კრიტიკა". - თქვა ილონა თოდუამ. 

ილონა თოდუა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. 

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანსიაა. 9 ადგილისთვის კონკურსში 50 კანდიდატი მონაწილეობს, 1 ადგილისთვის - 22

ილონა თოდუამ განაცხადი ორივე კონკურსში შეიტანა, შესაბამისად, მისი გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგვიანებით, სხვა კონკურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება. 

თოდუა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა. 

მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობდნენ, რომ თოდუას უზენაესის მოსამართლეობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი სწორედ აღნიშნული ბინა უქირავა. 

თავის მხროვ, თოდუამ ლევან მურუსიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად 2019 წლის გასაუბრებაზე თქვა, რომ "მურისიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა". 


close დახურვა