საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში 10 წლით პარლამენტის მიერ გამწესებულ მოსამართლეებს ვადის ამოწურვის შემდეგ იუსტიციის საბჭო გაუხანგრძლივებს კომპეტენციას.
როგორც საია-ში ამბობენ, საუბარია "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებას აძლევს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს პარლამენტის მიერ 10 წლის ვადით დანიშნულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
„იმისათვის, რომ მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში განახორციელოს მართლმსაჯულება, კონსტიტუციის მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. როდესაც იწურება 10-წლიანი ვადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კარგავს საპარლამენტო ლეგიტიმაციას, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან", - ამბობენ ორგანიზაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში კონკრეტულ შემთხვევებზეც საუბრობენ. მათი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში საქმეებს განიხილავს მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.
„პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა დანიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს 10 წლის ვადით. პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ამის მიუხედავად, პაატა სილაგაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 8 ოქტომბერს გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა.
მის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უფლებამოსილება გაუგრძელა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილსაც. ამ უკანასკნელს პარლამენტის მიერ მინიჭებული 10 წლიანი მანდატი ამოეწურა 2020 წლის 18 ივნისს. ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღემდე აგრძელებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც საია-ში ამბობენ, სისხლის სამართლის პალატის მიერ საქმის განსახილველად საჭიროა 3 მოსამართლე. მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ პალატაში ოთხი წევრი უკვე არის, ამიტომ მათ მიერ დასახელებულ შემთხვევებში მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება საჭირო არ იყო.