უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ილონა თოდუა კითვებზე, განიცდის თუ არა სასამართლო სისტემა პოლიტიკურ გავლენას, დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლებისგან, პასუხობს, რომ სასამართლო დღეს უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე გუშინ.
სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კითხვა თოდუას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა.
"მოდით ესე ვთქვათ, სამართლებრივი შტოების ფუნქციები არის კანონმდებლობით განსაზღვრული. მოდით ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, თუ ვიგულისმებთ მართალია ყველას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ შესაბამისად ინსტიტუციურად, თუ პოლიტიკურად მოხდა საკითხი სასამართლო რეფორმის განხორციელების წინსვლას რომელიც ექვემდებარება სასამართლოს განვითარებას და სხვა… ბიუჯეტის საკითხს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად შეზღუდული იყოს და არ ქონდეს კომუნიკაციის ვალდებულება. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე გუშინ იყო და შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ხვალ კიდევ უფრო დამოუკიდებელი იქნება". - თქვა ილონა თოდუამ ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად. .
კითხვაზე, არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტიკური პატიმრები, პასუხობს, რომ არ არსებობს პოლიტიკური პატიმრის ცნება.
თოდუას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 21 დეკემბერს მოუსმინა.
პოლიტპატიმრების შესახებ მას კითხვა ნაზი ჯანეზავილმა დაუსვა.
ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენ იცით, რომ დღეს აქტიურად მიდის საუბარი საზოგადოებაში იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. თქვენ როგორ ფიქრობთ, არიან საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
ილონა თოდუა: მე ყოველთვის სამართლებრივად ვფიქრობ, რომ შევაფასო გარკვეული ურთიერთობები და რეგულირებები. სამართლებრივ, ასე ვთქვათ, ჭრილში პოლიტიკური პატიმრის ცნება არ არსებობს. თუმცა, არის ამაზე განმარტება, რომ შეიძლება მოიაზრებოდეს ადამიანი, რომელიც, თუნდაც, ბრალდების გარეშე არის წარდგენილი და [...] მისი გამოხატვა განხორციელდა, ასე ვთქვათ, როგორც აღნიშნეთ, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილში, ბრალდება თუ არ არის წარდგენილი და მიაჩნია, რომ, შესაბამისად, მისი სიტყვის გამოხატვას ჰქონდა ადგილი და შესაბამისი ბრალდების გარეშე მოხდა მისი წარდგენა, ალბათ, მოიაზრება. თუმცა, მე სამართლებრივად განვმარტავ, რომ თვითონ დოქტრინა სამართლებრივად არ ითვალისწინებს, თუ რა შეიძლება იყოს.
ილონა თოდუა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე.
უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანსიაა. 9 ადგილისთვის კონკურსში 50 კანდიდატი მონაწილეობს, 1 ადგილისთვის - 22.
ილონა თოდუამ განაცხადი ორივე კონკურსში შეიტანა, შესაბამისად, მისი გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგვიანებით, სხვა კონკურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება.
თოდუა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა.
მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობდნენ, რომ თოდუას უზენაესის მოსამართლეობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი სწორედ აღნიშნული ბინა უქირავა.
თავის მხროვ, თოდუამ ლევან მურუსიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად 2019 წლის გასაუბრებაზე თქვა, რომ "მურისიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა".