logo
ENG



უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, ლუკა კინწურაშვილი მოსამართლემ ნაწილობრივ გაამართლა

22 ივლ 202418:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/x4ookjolw28zz79.png

9 ივლისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, ლუკა კინწურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ნაწილობრივ გაამართლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მოქალაქე კინწურაშვილი პოლიციელების მოთხოვნას - პირადობის მოწმობის წარდგენასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა და მისი იდენტიფიცირებას საშუალება არ მისცა. თავად კინწურაშვილი პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, რადგან ჩვენების დროს პოლიციელებმა თავად დაადასტურეს, რომ კინწურაშვილმა მათ პირადობა მიაწოდა.

რაც შეეხება პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგრძელდება, სადაც მოქალაქე ლუკა კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.

***

17 ივლისს, ლუკა კინწურაშვილმა პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

როგორც კინწურაშვილი ამბობდა, შემთხვევა 9 ივლისს, 15:00 საათზე მოხდა. კერძოდ, მისი თქმით, უფორმო პოლიციელებმა გააჩერეს, პირადობა მოსთხოვეს და გაჩხრიკეს. კინწურაშვილი ამბობდა, რომ პოლიციის უხეში მოპყრობის გამო, მან ვიდეოს გადაღება დაიწყო, თუმცა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს, რის შემდეგაც განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოქალაქე წერდა, რომ განყოფილებაში მას შეურაცხმყოფელი ტერმინებითა და მუქარით ესაუბრებოდნენ. მას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

 


close დახურვა