დღეს 20 ნოემბერია და უკვე ორი დღეა მთავრობას არ დავურბევივართ - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა მიშა მშვილდაძემ. როგორც მან გადაცემაში "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" აღნიშნა, პარლამენტთან აქციები აუცილებლად განახლდება, მანამდე კი მაჟორიტარი დეპუტატები ზრუნავენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს აქციაზე. მშვილდაძემ ეს მოცემულობა კონკრეტული არგუმენტით გაამყარა.
"მაგალითად, მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ნაკლი და უპირატესობა. ანუ ადამიანები, რომელთაც რამდენიმე თვის წინ წითელი და მწვანე ღილაკები ერეოდათ, ახლა ფიქრობენ, რომ მოსახლეობის 99 % კიდევ უარესია",- აღნიშნა მშვილდაძემ.
გადაცემაში "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად" წამყვანმა ყურადღება გაამახვილა IRI-კვლევის შედეგებზეც, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 39 % ტელეკომპანია "იმედის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობა. იგივე კვლევით "ოცნების" რეიტინგი 23 %, რაც მშვილდაძეს თქმით, ასევეა უცნაურია.
კიდევ ერთი თემა, რაზეც გადაცემის წამყვანმა ისაუბრა "ოცნებიდან" წასული დეპუტატებია. მისი თქმით, ცნობილია, რომ სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილებს პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი დაიკავებენ.
"ამ ნიუსმა ორი კითხვა გამიჩინა: პირველი, ვინ არიან თემური გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი და მეორე - ვინ იყო მამუკა ბახტაძე, რატომ დანიშნეს ან რატომ გაუშვეს. გავიხსენოთ ხოლმე პერიოდულად. რაც შეეხება პირველ ნაწილს, ქაშაკაშვილი არის ბიზნესმენი და მთამსვლელი, ხოლო გოცირიძე ლიბერალ ბიზნესმენთა გაერთიანების ხელმძღვანელი. ასევე, გოცირიძეთა გვარის თავმჯდომარე. საინტერესოა",- ასე შეაფასა პარლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიშა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანი 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულებულების თემასაც შეეხო. მისი თქმით, სასამართლო გუშინვე იმიტომ ვერ დასრულდა, რომ ვერავინ ვერ ამბობდა რატომ დააკავეს ეს ხალხი. მისივე თქმით, ამ მოცემულობას არაერთი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის თავად პოლიციელთა გამოკითხვის პროცესი.
"მაგალითად ერთ-ერთმა პოლიციელმა მტკიცებულებად მიიტანა ვიდეო. მოსამართლემ მას ჰკითხა რამდენწუთიანი მასალაა და ვისი დაკავება იყო ასახული ამ ვიდეოზე, რაზეც პასუხი იყო - არ ვიცი, ჯერ მე არ მინახავს",- განმარტა მშვილდაძემ.
გადაცემის ფარგლებში, ჩატარდა ქუჩის გამოკითხვაც. კითხვაზე, რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა? როგორც ირკვევა, გამოკითხულთა უმრავლესობა ერკვევა აღნიშნულ სისტემაში. მათივე თქმით, პროპორციული არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში მოქალაქეთა ინტერესები მეტად დაცული იქნება და მრავალპარტიული პარლამენტიც უფრო საინტერესო იქნება.
რაც შეეხება, გადაცემის სპეციალურ სტუმარს, ამჯერად მიშა მშვილდაძესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მიმოიხილა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების ამბოხებასაც შეეხო. გოცირიძის თქმით, ამჯერად ივანიშვილმა თავისი გუნდის წევრებსაც კი არ უთხრა თავისი "ტრიუკის" შესახებ და უმეტესობისთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა გულწრფელად არ იცოდნენ, რომ პროექტის ჩაგდებას აპირებდნენ",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.