logo
ENG



უკრაინა: ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია

11 აპრ 202110:16
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია

10 აპრილს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონბასში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, კიდევ ერთი - დაიჭრა. 

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენების მიხედვით, ოკუპანტებმა უკრაინულ პოზიციებს 82 მმ ნაღმმტყორცნებიდან და ტანკსაწინააღმდეგო და ხელნაკეთი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან ესროლეს, რაც მინსკის შეთანხმების დარღვევაა. 

სოფლების - პესკისა და შიროკინოს შემოგარენში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი მცირე ტიპის იარაღებიდან გახსნეს, ხოლო ავდეევკასა და კამენკასთან - სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან.

მაიორსკის მახლობლად რუსული მხრიდან უკრაინულ პოზიციებს ესროლეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნებიდან

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. 

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ასევე მიუთითებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული დრონი. 

11 აპრილის დილის 7 საათის მონაცემებით, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან სროლა არ ყოფილა. 

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. 


close დახურვა