logo
ENG



უკრაინა აცხადებს, რომ მათი ჯარები რუსეთის თავდასხმებს რამდენიმე ფრონტზე იგერიებენ

30 აპრ 202212:12
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა აცხადებს, რომ მათი ჯარები რუსეთის თავდასხმებს რამდენიმე ფრონტზე იგერიებენ. 

უკრაინის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ თავიანთი ყოფნის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინაში, იზიუმის რაიონში. რუსეთს აქ თავისი ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში განლაგებული ჯარები გადმოჰყავს. 

გენშტაბის ცნობით, რუსული არმიას უკრაინული ჯარები წინააღმდეგობას უწევენ და აკავებენ. თუმცა, მტერმა გადაწყვიტა, შეტევა სოფელ ლიმანის მხრიდან გააგრძელოს - აქ რკინიგზის მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელზეც 29 აპრილს რუსულმა არტილერიამ თავდასხმა განახორციელა.

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუნეჟენიესა და პოპასნაში, 2 სოფელში, რომელთა აღებასაც რუსები რამდენიმე კვირაა, ცდილობენ. 

ერთი რუსული თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს. 

გენერალური შტაბი ასევე ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს უკრაინული პოზიციები სიუმის რეგიონის 4 სოფელში - უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ბოლო კვირებში საომარი მოქმედებები შეწყვეტილი იყო. 

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მთლიანობაში, ბოლო 24 საათში, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მათმა ჯარმა რუსების თავდასხმის 14 მცდელობა მოიგერია. 

ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ 29 აპრილს, რუბეჟნიესა და პოპასნაში რუსებმა 2 სკოლა და 20 სახლი გაანადგურეს. ასევე, რუსებმა 16 რაკეტა ისროლეს ჰირსკესა და ორიხოვოში.

ჰაიდაისვე განცხადებით, პოპასნადან მოხდა 31 ადამიანის ევაკუაცია. თუმცა, ორ საევაკუაციო ავტობუსს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს და აქ მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 


close დახურვა