logo
ENG



უკრაინა საფრანგეთისგან დამატებით SAMP/T სისტემებს და რაკეტებს მიიღებს

22 სექ 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/s7qs90petpy271s.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერთან, ემანუელ მაკრონთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. შეხვედრის მთავარ განსახილველ თემებს ქვეყნის უსაფრთხოება და უკრაინისთვის განკუთვნილი ზამთრის მხარდაჭერის პაკეტი წარმოადგენდა.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მხარეები აქტიურად მუშაობენ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და არსებობს მზაობა, რომ დამატებითი სისტემები და რაკეტები მიიღონ:

„შევხვდი ემანუელ მაკრონს. ჩვენ პირველ რიგში განვიხილეთ უსაფრთხოება და უკრაინისთვის განკუთვნილი ზამთრის მხარდაჭერის პაკეტი. მზად ვართ, ევროკავშირის სესხის ფარგლებში არსებული ფინანსური რესურსებით, დამატებით მივიღოთ SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათთვის საჭირო რაკეტები.“

გარდა მიმდინარე სამხედრო დახმარებისა, უკრაინა და საფრანგეთი სტრატეგიულ სამომავლო პროექტებზეც მუშაობენ. ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები განიხილავენ მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების უკრაინაში წარმოების შესაძლებლობასაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პარტნიორებთან ერთად ერთობლივ ანტიბალისტიკური რაკეტების პროგრამას — FREYJA-ს, რომლის პირველ შედეგებსაც უკრაინული მხარე უკვე მიმდინარე წელს ელის.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გასაძლიერებლად მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს გაწეული მხარდაჭერისთვის:

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების უკრაინაში წარმოების შესაძლებლობაზე, ასევე პარტნიორებთან ერთად ანტიბალისტიკური რაკეტების ერთობლივ პროგრამაზე FREYJA. პირველ შედეგებს უკვე წელს ველოდებით. ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გასაძლიერებლად. მადლობა, ემანუელ! მადლობა, საფრანგეთს!“


close დახურვა