logo
ENG



უკრაინაში ბალტიის საგარეო მინისტრები მხარდასაჭერად ჩავიდნენ, ზალკალიანი ვიზიტს არ შეუერთდა

15 აპრ 202117:16
3 წუთის საკითხავი
clock 2766
2021/04/15/czb53z6rggoqkui.jpg

დონბასში რუსი სამხედროების მიერ ვითარების მიზანმიმართულად ესკალაციის გამო, უკრაინის მხარდასაჭერად ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები კიევში ჩავიდნენ და კრემლის ქმედებები სიმბოლურად, ერთობლივად დაგმეს - ვიზიტს არ შეუერთდა საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი. 

უკრაინელმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვითარების ესკალაციის პასუხად, კრემლისთვის იმ მძიმე შედეგების შეხსენებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს. 

"დღეს ოთხივე ჩვენგანი მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მხრიდან ვითარების გამწვავებას", - განაცხადა დმიტრო კულებამ მოკავშირე მინისტრებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, - "მსოფლიო უკრაინის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარეს დგას და ეს არის რუსეთის უგუნური ქმედებების შეკავების ერთ-ერთი ელემენტი". 

დონბასში შექმნილი ვითარების შესახებ შეშფოთება არაერთმა საერთაშორისო ლიდერმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოთქვა. ბაიდენი 14 აპრილს რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვართან კრემლის მოქმედებების გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო მიმომხილველი 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის პრინციპულ მსგავსებებს ხედავს, ქართული მხარე უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო კამპანიაში აღსანიშნავად პასიურია.   

საგარეო უწყება ერთხელ უკვე გახდა პოლიტიკური ოპოზიციისა და უცხოელი დიპლომატების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - გარდა იმისა, რომ საქართველოს უკრაინიდან ელჩი თითქმის 1 წელია "კონსულტაციებისთვის" ჰყავს გამოწვეული, ხელისუფლებამ დონბასში ვითარების საგრძნობი ესკალაციის პირველსავე დღეებში უკრაინას მხარდაჭერა არ გამოუცხადა, კრიტიკის შემდეგ კი, მინისტრი ზალკალიანი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრით და საუბრის შესახებ უაღრესად ფორმალური განცხადებით შემოიფარგლა. 

მიუხედავად იმისა, რომ ზალკალიანმა ვითარების ესკალაციის პარალელურად განაცხადა, რომ ხელისუფლება ელჩს ადგილზე უმოკლეს ვადაში გაგზავნის, ის არ შეუერთდა ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრების ერთობლივ, სიმბოლურ ვიზიტს,  რაც, ფეთქებადსაშიში ვითარების ფონზე, მრავალი დამკვირვებლისთვის სიგნალია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ უარს იტყვის კონფლიქტში აქტიური პოზიციების დაკავებასა და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე.

 

 

 

 

close დახურვა