უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები.
გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან შეტაკებების დროს, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად აფეთქდა.
გიორგი გრიგოლიას აბაშაში დაასვენებენ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, რატი შურღაია, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, კირილ შანავა.