logo
ENG



უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა აშშ-ში F-16-ის სასწავლო კურსი დაასრულა

24 მაი 202416:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/lo2ltlpam9jgynj.jpg

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ოფიციალური წარმომადგენელი მედიებთან ადასტურებს, რომ უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა F-16-ის სწავლება დაასრულა.

კერძოდ, არიზონის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, კაპიტანი ერინ ჰანიგანი. აცხადებს, რომ უკრაინელმა პილოტებმა სასწავლო კურსი ეროვნული საჰაერო გვარდიის 162-ე ფრთაში, ტუსონში გაიარეს. 162-ე ფრთა არის აშშ-ს საჰაერო ძალების სასწავლო განყოფილება F-16-ის უცხოელი მფრინავებისთვის.

მიუხედავად ამისა, ჰანიგანი, ოპერატიული უსაფრთხოების მოტივით, დაზუსტებით არ ასახელებს, რამდენმა პილოტმა დაასრულა სასწავლო კურსი, თუმცა დაამატა, რომ უკრაინელი მფრინავების ნაწილი ტრენინგებს ჯერ კიდევ გადის.

ცნობილია, რომ უკრაინელები აშშ-ში რამდენიმე ჯგუფად ჩავიდნენ. თავდაპირველად, ოთხი უკრაინელი მფრინავი გადიოდა ტრენინგს 162-ე ფრთაში. ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ, 2024 წლის ფისკალური წლის ბოლომდე, ჯამში F-16-ის 12 უკრაინელი პილოტის მომზადებას გეგმავენ.

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს პარალელური პროგრამები მფრინავებისა და მომსახურეების მომზადებისთვის. ამ პროგრამებს კოორდინაციას უწევს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობენ დანია, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ასევე ეხმარება უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტრენინგებში.

ნორვეგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას მიაწვდიან F-16-ებს - ნაბიჯი, რომელიც მოითხოვს ბაიდენის ადმინისტრაციის თანხმობას, რაზეც ამ უკანასკნელმა, მანამდე, თანხმობა განაცხადა.


close დახურვა