უკრაინულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკის შეერთებული შტატების მიწოდებული შორი დისტანციის ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა და განაცხადა, რომ რაკეტებმა "დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები."
"მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან ხორციელდება. ძალიან ზუსტად - ATACMS-მა სიზუსტით დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები", - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში.
უკრაინელი სამხედროები უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებენ ცნობებს წარმატებული, მაღალი სიზუსტით განხორციელებული დარტყმების შესახებ აეროდრომებზე ლუგანსკის მახლობლად და ბერდიანსკში სამხრეთით - ტერიტორიებზე, რომლებიც ამ ეტაპზე რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან.
კერძოდ, უკრაინის სპეცრაზმის ცნობით, განადგურებულია ცხრა რუსული შვეულმფრენი, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვები სადგური, ასაფრენი ბილიკები და სხვა აღჭურვილობა, ხოლო რუსეთის ძალებს დიდი დანაკარგები მიაყენეს.
„როგორც ხედავთ, ახლა უკვე შესაძლებელია სამიზნეებზე უნაკლო იერიშის მიტანა, დიდი სიზუსტით, რაც მტერს არ აძლევს შანსს“, - განუცხადა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იჰნატმა ეროვნულ ტელევიზიას.
უკრაინამ არაერთხელ სთხოვა აშშ-ს ადმინისტრაციას ATACMS-ების გადაცემა. კიევმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა მათ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თქვა, რომ მძლავრი იარაღი შეცვლიდა 20-თვიანი ომის მიმდინარეობას.
იარაღის განლაგება საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს შეაფერხოს მანამდე მიუწვდომელი მიწოდების ხაზები, საჰაერო ბაზები და სარკინიგზო ქსელები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განაცხადეს მაღალჩინოსნებმა.
მიუხედავად ამისა, დასავლეთი ფრთხილობდა, იმის შიშით, რომ რაკეტების გადაცემა არ გამხდარიყო კრემლის მაპროვოცირებელი.