უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მათი თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში ამ ხიდის გარშემო ქმნიდა მითს "სამუდამოდ რუსული" ყირიმის შესახებ, ახლა კი ეს ნაგებობა ნაწილობრივ წყალშია მოქცეული.
აღნიშნულია, რომ საავტომობილო ნაწილის თაღი და ხიდის მონაკვეთი ჩამოინგრა. საავტომობილო ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა და მასზე გადაადგილება შეუძლებელია. სარკინიგზო მონაკვეთი კვლავ დგას, თუმცა მისი თაღიც დაზიანებულია.
"უკრაინის თავდაცვის ძალები ეტაპობრივად ანეიტრალებდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და რადიოლოკაციურ სისტემებს, რათა საბოლოო კომპლექსური დარტყმა უკრაინაში წარმოებული შეიარაღებით განეხორციელებინათ.
ოკუპანტებისთვის ეს მხოლოდ სიმბოლური დარტყმა არ არის. ხიდი მთავარი არტერია იყო, რომლის გავლითაც ნახევარკუნძულზე და შემდეგ უკრაინის სამხრეთში საწვავი, საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაჰყავდათ.
შემოდგომაზე ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდები ჩამოინგრა. ახლა ჯერი ქერჩის ხიდზეც მიდგა. ოკუპანტებს ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტები სულ უფრო უმცირდებათ. ხიდზე გადაადგილების შეჩერების ყოველი საათი ნიშნავს, რომ სამხრეთში განლაგებული რუსული დაჯგუფებები ვერ იღებენ იმ რესურსებს, რომელთა გარეშეც ბრძოლას ვერ შეძლებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალები ახორციელებენ თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლით არის გარანტირებული. ისინი სისტემურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტისკენ აიძულებენ.
ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა. გაგრძელება იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
