logo
ENG



უკრაინის დელეგაციის წევრი: კარგად ვარ, გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას

28 მარ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/28/d96qgbd2852oqhk.jpg

უკრაინის დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რომან აბრამოვიჩისა და დელეგაციის ორი წევრის მოწამვლის შესახებ არ ადასტურებს და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

"კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა იმ ყვითელ ამბავზე, რომლებიც ვრცელდება. გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს", - წერს რუსტემ უმეროვი.

Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მასთან შეხვედრილ უკრაინის დელეგაციას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. გამოცემის ცნობით, რუსტემ უმეროვი ერთ-ერთია, რომელსაც მოწამვლის ნიშნები ჰქონდა.

მათი ინფორმაციით, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს, კიევში შედგა.

წყაროს თქმით, შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს და დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ერთნაირი სიმპტომები გაუჩნდათ, მათ შორის თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა. Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენი და უკრაინის დელეგაციის წევრები გამოკეთდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე წყარომ Wall Street Journal-ს უთხრა, რომ ინციდენტში, სავარაუდო, გარეული არიან კრემლის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას. 

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bellingcat. თუმცა Bellingcat-ი წერს, რომ სიმპტომები უკრაინის დელეგაციის არა 2, არამედ 3 წევრს ჰქონდა.


close დახურვა