უკრაინის ელჩი საფრანგეთში, ვადიმ ომელჩენკო აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ.
"დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე", - განაცხადა დიპლომატმა.
ომელჩენკოს თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.
"ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები კი ლოგისტიკის საკითხებს აგვარებენ ან სხვა მოდელების მიღებას ელოდებიან", - თქვა უკრაინის ელჩმა საფრანგეთში.
22 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის Leclerc-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებას.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობა ოფიციალურად დათანხმდა უკრაინისთვის 14 ერთეული Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 31 Abrams-ის ტანკს აწვდის. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ გაავრცელა ინფორმაცია, უკრაინაში სხვადასხვა რაოდენობის თანამედროვე ტანკების გადაცემის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას 300-500 ტანკი სჭირდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მადლიერია ტანკებისთვის, მაგრამ რეალურ შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც ტექნიკა ბრძოლის ველზე დაიწყებს მუშაობას.