უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტში მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები გარკვეულ ობიექტებს აკონტროლებენ.
"ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიდის. მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის, ჩვენი დამცველები აკონტროლებენ გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს რეგიონში და კერძო სექტორში", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დღეს დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. ამის შესახებ პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის თქმით, ვაგნერის ხელმძღვანელის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ახლა ბახმუტის დასაცავად იბრძვიან.