უკრაინის მშვიდობის სამიტს შვეიცარიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალ ჰარისი დაესწრება. მასთან ერთად ლუცერნში ორდღიან სამიტზე, რომელიც 15 ივნისს დაიწყება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი იქნება.
უკრაინის მშვიდობის სამიტს არ დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის საჩუქარი უწოდა. უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ ბაიდენი შვეიცარიაში ჩავიდოდა იმის გათვალისწინებით, რომ ივნისში ის საფრანგეთში D-Day-ს, იგივე ნორმანდიის დესანტის გადასხმის საიუბილეო ღონისძიებას და იტალიაში დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება.
ამის ნაცვლად, ბაიდენი, როგორც ჩანს, აპირებს, ჰოლივუდში ეწვიოს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში თანხების მოზიდვას ეხება.
"ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების პრინციპებს ეფუძნება", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე 100 ქვეყნისგან მიიღო დასტური, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე და ამის მიზეზად რუსეთის წარმომადგენლის არყოფნა დაასახელა.
ზელენსკიმ პეკინი გააკრიტიკა.
"მიმაჩნია, რომ მშვიდობის სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება, და სხვა ლიდერებს სჭირდებათ პრეზიდენტი ბაიდენი, რადგანაც ისინი აშშ-ის რეაქციას დააკვირდებიან", - თქვა უკრაინის ლიდერმა გასულ კვირას ბრიუსელში.
გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება აშშ-ის წარმომადგენელი მშვიდობის სამიტზე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვაშინგტონი და ბაიდენი უკრაინის გვერდით არ ყოფილან.
"ამ კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია და აგრძელებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი აუცილებელი, რათა რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას", - თქვა კირბიმ.