logo
ENG



უკრაინის რწმუნებული: ვიმედოვნებთ, უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველო სათანადოდ დაეხმარება

13 მარ 202214:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/3q0830y4hcjsihx.jpg

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველო იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქეებს სათანადოდ დაეხმარება და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

კასიანოვის თქმით, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი 2 მილიონს აღწევს. ლტოლვილების მიღება დასავლეთის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს, მეზობელ პოლონეთს კი უკვე აღარ შეუძლია დამატებით უკრაინელების მიღება. 

,,დღეს რუსეთის აგრესიის შედეგია 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, Unicef-ის ინფორმაციით, მათ შორის1 მილიონი ბავშვია. ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალზე მძიმეა.

მადლობას ვუხდით პოლონეთს, რომელიც იქცა ლტოლვილების მიღების რეგიონულ კერად, მაგრამ დასაბუთებულია, რომ უკვე ისიც ვეღარ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს. ლტოლვილების მიღებას აქტიურად უერთდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, შვეიცარია, კანადა და დასავლეთის სხვა ქვეყნები.

საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყონ შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეებისადმი, ვისაც იძულებითი წესით უწევთ გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს რუსეთის აგრესია აერთიანებთ და მისი დაძლევა მხოლოდ ერთად შეუძლიათ.

კასიანოვმა ყველა საფეხურზე მდგომ ქართველებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში და მართავს მრავალრიცხოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან, ეს უბედურება მათ აერთიანებთ.

უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ყველა საფეხურზე მდგომს, ერთიანობისა და საერთო ქმედებებისაკენ რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შესაჩერებლად. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. “, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინის დროებითი რწმუნებულის ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების 2 თვითმფრინავი და 16 სატვირთო გაიგზავნა - ჯამში 270 ტონის მოცულობის ტვირთი.

კასიანოვი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს მოსახლეობას, მთავრობასა და ეკლესიას.


close დახურვა