logo
ENG



უკრაინის საგარეო სამინისტრო: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და ერთიანობაა

12 თებ 202216:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/554flqmrpprh374.jpg
Ukrinform

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და იმგვარი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რაც პანიკას დათესავს.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დეტალურად მიმოიხილა უსაფრთხოების კუთხით უკრაინაში არსებული სიტუაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ პარტნიორების დახმარებით გაზარდა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები და განაგრძობს დაძაბულობის შემცირებისა და რუსეთთან საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარების მცდელობას.

გთავაზობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების სრულ თარგმანს: 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის დასაწყისიდანვე უკრაინის ხელისუფლება, უკრაინული დიპლომატიური სამსახურები და ჯარი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ უკრაინაში სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და მზად ყოფილიყვნენ სხვადასხვა სცენარისა და ნებისმიერი აგრესიული განზრახვისთვის.

კონკრეტულად, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სიღრმისეულად გააანალიზა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამჟამინდელი სიტუაცია და უკრაინის მომავალი ნაბიჯები.

პრეზიდენტის, პარლამენტისა და ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებებით, ისევე როგორც ძირითადი პარტნიორების დახმარებით, უკრაინამ გააძლიერა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების დაცვის შესაძლებლობები.

უკრაინამ მის პარტნიორებს 2021 წლის ნოემბერში წარუდგინა, იმ ზომების კომპლექსური პაკეტი, რომელიც რუსეთის შეჩერებისკენაა მიმართული. ეს პაკეტი იქცა ეფექტურ ხელსაწყოდ კრემლის აგრესიული პოლიტიკის საპირისპიროდ. უკრაინას ახლა აქვს ძლიერი პოზიცია, მათ შორის ყველა დონეზე კოორდინირებული დიპლომატიური კონტაქტების, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებული მძიმე ეკონომიკური სანქციების, შეიარაღების მომარაგების და მაკრო-ფინანსური დახმარების დამსახურებით.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება, ერთად დარჩენა, ქვეყანაში კონსოლიდირებულად ყოფნა და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებაა, რაც სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს და პანიკას დათესავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და მზად არიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენულობაზე ყველანაირი შეტევა მოიგერიონ.

უკრაინული დიპლომატიური ოფისი კავშირშია ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან, მყისიერად იღებს უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას, რაც უკრაინას დროულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენ განვაგრძობთ დაძაბულობის შემცირებასა და საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების მობილიზებაზე მუშაობას, რათა რუსეთი  დიპლომატიური დიალოგის ჩარჩოში დავტოვოთ.


close დახურვა