უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს და არკვევს ყველა გარემოებას. გარდა ამისა, საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
"როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. კერძოდ, საუბარია 6 ასაფეთქებელ მოწყობილობასა და 14 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში 19 იანვარს, უკრაინის ქალაქ ოდესიდან - რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, საბაჟო პუნქტ სარფიდან შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო პუნქტ დარიალის მეშვეობით იგეგმებოდა.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს - 7, უკრაინის - 3 და სომხეთის - 2 მოქალაქე. ამასთან, ირწმუნებიან, რომ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ხალხის მსახური - ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა.
სუს-ში "ეჭვობენ", რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მოქალაქეების ჩართვა ამ პროცესში ემსახურებოდა "მოსაზრების შექმას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისევე განხორციელების ნაწილში".