logo
ENG



უმრავლესობა ეროვნულ ბანკზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს

12 ივნ 202318:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/c3ef2v7pxztfakq.png

საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური და დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირადაა ხოლმე საუბარი: ინფლაცია და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.

აქვე, უნდა დავძინოთ, რომ ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციას და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამ ერთმა პოზიციამ გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან და ამიტომ, საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს"- თქვა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.

7 ივნისს, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".

ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.

ამავე განცხადებაში, ოცნებამ თქვა, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

***

საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.

close დახურვა