logo
ENG



უმრავლესობის შენარჩუნება საგანგებო მნიშვნელობის გახდა - სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

26 ნოე 201912:45
3 წუთის საკითხავი
 
rlixrto573hyhit.jpg

პარლამენტში, აქციის პარალელურად პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატებმა შენობაში შესვლა პოლიციის დახმარებით შეძლეს. მათ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პრობლემა აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა შეუქმნეს. პლენარულ სხდომაზე, ამ ეტაპზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება. აღსანიშნავია, რომ სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წევრები ესწრებიან, რადგან ოპოზიციამ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. თავის გამოსვლაში, დეპუტატმა ისევ ოპოზიციაზე ისაუბრა და პარტიები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. 

"როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ ზაფხულში გამოაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება აიგოს კონსენსუსი, იმ დღიდან მოყოლებული, არც ერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული განცხადებების გარეშე. კულმინაცია ამ დესტრუქციისა მაშინ მოხდა, როდესაც განვიხილავდით მათ კანონპროექტს არჩევნების შესახებ. მაშინ ეჭვი გამიჩნდა და დავეთანხმე იმ კოლეგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე, იქნებოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი. პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ. ჟურნალისტებმა მკითხეს, გიქმნის თუ არა უხერხულობას, ის რომ პარლამენტი გარშემორტყმულია პოლიციის მიერ, რა თქმა უნდა ეს უხერხულობა არსებობს. მაგრამ ეს უხერხულობა არის ნამცეცი, იმ უხერხულობასთან შედარებით, რომელიც შეიძლება ქვეყანას შეექმნას, თუ მუშაობას არ გავაგრძელებთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

 

 


close დახურვა