რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს სავარაუდოდ, უკვე გადასცეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მან იმ მანქანის შეჩერებაც სცადა, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევი გადაჰყავდათ. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრს ეკისრება.
"ციხის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ ეს ადამიანი აღარ იმყოფება აღნიშნულ ციხეში. როგორც ჩანს ვლადიკავკაზელი ჩინოვნიკის განცხადება აღმოჩნდა მართალი და ხელისუფლებასთან, კონკრეტულად იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებულია სუმბაევის უკანონო ექსტრადაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება უმძიმესი გადაწყევტილება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. უკვე მერამდენედ უნდა მოხვდეს მათრახი ევროპული სასამართლოსგან იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ჩავდივართ და ვერასდროს ვერ ვსწავლობთ ჭკუას?"- აცხადებს ადვოკატი.
ცნობილია, რომ რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11:00 საათისთვის ელოდებოდა. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი.
„რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის განჩინებით ვითხოვთ 24 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე ლარსის გამშვებ პუნქტთან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის კოლონა ზაურ ხალიევის ხელმძღვანელობით დახვდება," - ვკითხულობთ წერილში.