logo
ENG



უნგრეთმა NATO-ს ერთიან კიბერთავდაცვის ცენტრში უკრაინის მიღება დაბლოკა

05 თებ 202216:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/05/ug0at8efg46jba9.jpg

უნგრეთმა გუშინ NATO-ს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრში (CCDCOE) უკრაინის მიღება დაბლოკა. ინფორმაციას გამოცემა Европейская правда ავრცელებ.

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის გაწევრიანებას ვეტო ალიანსის ერთმა ქვეყანამ დაადო.

წყარომ გამოცემა Европейская правда-ს დაუდასტურა, რომ ქვეყანა, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა სწორედ უნგრეთი იყო.

„არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც კიბერ-NATO ჰქვია და გასულ ზაფხულს ჩვენ შევიტანეთ შესაბამისი დოკუმენტები და გავიარეთ ვერიფიკაცია. იქ, ისევე როგორც NATO-ში, გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ერთმა ევროპულმა ქვეყანამ კი უარი თქვა უკრაინის ამ პატივსაცემ ინსტიტუტში მიღებაზე.

ეს ევროკავშირის ქვეყანაა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათ ჩვენზე უარი თქვეს... მთელ ალიანსში ერთი ქვეყანა ამის წინააღმდეგია. არიან ისინი გულწრფელად ჩვენი პარტნიორები თუ ეს პარტნიორობა ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ?" - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა. 

უკრაინის მიღების პროცესი ოქტომბერში დაიწყო და წარმატებულად დასრულების შემთხვევაში უკრაინა 2022 წლის იანვრიდან გახდებოდა კიბერ თავდაცვის ცენტრის წევრი. 

უნგრეთს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია.

წესების მიხედვით, NATO-ს წევრებს კიევის აპლიკაციის ხელახალი განხილვის უფლება აქვთ და არაა გამორიცხული, რომ უკრაინაზე ახალი რუსული კიბერშეტევებიდან გამომდინარე ალიანსის სხვა წევრებმა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვალაზე დაითანხმოს.თუმცა ვინაიდან ცენტრის საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებული შეხვედრები წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ იმართება უკრაინის ამ სტრუქტურაში მიღება მოვლენების პოზიტიურად განვითარების შემთხვევაშიც კი მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრს NATO-ს ქმედებებზე დიდი გავლენა აქვს. ის 7-მა ქვეყანამ დააფუძნა და დღეს 20 წევრი ჰყავს - მათ შორის 17 NATO-ს სახელმწიფო, 3 კი ალიანსის პარტნიორი ქვეყანაა. ამ ცენტრში სამხედრო, სამოქალაქო და სახელმწიფოს სექტორის წარმომადგენლები ერთად 3 მთავარი მიმართულებით მუშაობენ: კვლევა, წვრთნა და განათლება. NATO-ს გაერთიანებული კიბერთავდაცვის ცენტრი ფორმალურად არაა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტრუქტურა.

უკრაინამ გაწევრიანების შესახებ ტალინში დაფუძნებულ ცენტრში განაცხადი 2021 წლის აგვისტოში შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დიალოგის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მხარეებს შორის კომპრომისი შესაძლებელია და ეთანხმება NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნას აღსანიშნავია, რომ ორბანი დასავლეთს არადემოკრატიული ნაბიჯების გამო არაერთხელ გაუკრიტიკებია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. ასევე, ჯარები გადაისროლა ბელარუსშიც. 

კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება, რასაც მოსკოვი უარყოფს.

14 იანვრის ღამეს კი უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯამში თავდასხმის ქვეშ მოყვა70-მდე ვებგვერდი, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების რესურსები. ამასთან, მონაცემები არ მოუპარავთ, კონტენტი არ დაზიანებულა და ვებგვერდების მუშაობაც რამდენიმე საათში აღდგა.


close დახურვა