logo
ENG



უნდათ მეუფე იაკობი მეუფე შიოსა და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირონ-საპატრიარქოს ადვოკატი

28 ოქტ 201914:19
3 წუთის საკითხავი
 
65nc7ted67kon73.jpg

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა შესაძლო დაპირისპირების მცდელობაზე საუბრობს. ქარჩავა მიიჩნევს, რომ გარკვეულ ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება სურთ, როგორც მეუფე შიოსთან, ისე ბიძინა ივანიშვილთან.

თუ ვინ იგულისხმება "გარკვეულ ძალებში," ქარჩავა არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ხელისუფლებასთან, ამიტომ სასულიერო პირის განცხადებები მისთვისაც შოკისმომგვრელი იყო.

„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული როგორც საქართველოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება არასწორი იქნება. მიმაჩნია, რომ გარკვეულ პირებს და ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც მეუფე შიოსთან, ისე ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა. განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამ ხელისუფლებასთან და მისი ეს განცხადება, ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო. პირველ რიგში, კანონიკური სამართლის მიხედვით, საპატრიარქოს შიგნით უნდა მოხდეს ამ საკითხის მოკვლევა“, - განაცხადა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

მეუფე იაკობი ილია მეორეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით შეხვდა. კერძოდ, აწ უკვე ყოფილმა ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.

 


close დახურვა