logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატებისთვის საქართველომ უნდა შეიმუშავოს რეფორმების მკაფიო გზა

22 ივნ 202222:24
3 წუთის საკითხავი
 
ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატებისთვის საქართველომ უნდა შეიმუშავოს რეფორმების მკაფიო გზა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 22 ივნისს, ევროპარლამენტში, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საბჭოს ვაძლევთ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაუბრუნდეს საკითხს და შეაფასოს, როგორ დააკმაყოფილებს პირობებს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. 

"თავისი განაცხადებით უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ სურთ ცვლილებები, სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, ძლიერი რეფორმები. ისინი გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ, თუმცა, პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი თავისი წინაშეც, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. 

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებს და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით მისი ეკონომიკის საბაზრო მიმართულებით, აქვს ძლიერი კერძო სექტორი, თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს. მან უნდა შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ყველა აუცილებელ რეფორმას, პროცესში ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას და ისარგებლებს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით. 

სწორედ ამიტომ, საბჭოს ვაძლევთ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაუბრუნდეს საკითხს და შეაფასოს, როგორ დააკმაყოფილებს პირობებს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 


close დახურვა