ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა, იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გომელაურის საბჭოს მდივნად დანიშვნა დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.
"კანონმდებლობის შესაბამისია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდეს რომელიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი. ვახტანგის გამოცდილების შესაბამისად კი, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია", - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია იკავებდა. მან მინისტრის და მდივნის თანამდებობები 28 იანვარს დატოვა. ცნობილია, რომ იზორია საქმიანობას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს.