logo
ENG



უსუფაშვილი: საქართველო ათჯერ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვიდრე ივნისში

27 ნოე 201917:29
3 წუთის საკითხავი
 
5xkrah4kmobooxm.jpg

„საქართველო ათჯერ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვიდრე ივნისში. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა. მაგრამ ხელისუფლება არა თუ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, არამედ გამოსავლის ძიებასაც არ თვლის საკუთარ საქმედ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და მმართველი ძალა არც პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა და ხელისუფლებას კომპრომისისკენ მოუწოდებს.

„თალაკვაძე მადლობას რომ უხდის ხოლმე ჩვენს პარტნიორებს და რაღაცა პარალელურ რეალობაზე რომ საუბრობს - აი, ეს არის რეალობა. დროა, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს „ქართულმა ოცნებამ“, სანამ უფსკრულში გადაჩეხა ქვეყანა. დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ვისაუბროთ კომპრომისსა და გამოსავალზე, რაც არის გერმანული მოდელი“, - ამბობს გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს.

„ხელისუფლება აღარ გვყავს. ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ახირებული მილიარდელი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მანამ, სანამ ისინი არ ეხებიან მის უსაფრთხოებას, მის ანგარიშებს, პირადად მის ინტერესებს“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ეთანხმებიან და თავადაც ამბობენ, რომ ყველა მხარე უნდა ჯდებოდეს კონსტრუქტივიზმის ჩარჩოებში.

„ჩვენი პარტნიორები მიუთითებენ იმაზე, და ამას ჩვენც ვაღიარებთ, რომ აუცილებელია ყველა იყოს კონსტრუქციულ ჩარჩოში, მათ შორის, თუნდაც, ქუჩის აქციები. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველას გამოხატვის თავისუფლების დაცვას, თუმცა ამავდროულად იმასაც, რომ ყველა ორგანომ იმუშავოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ის მხარს უჭერდა გამოხატვის თავისუფლებას. მან მოუწოდა მხარეებს, რომ აიცილონ ნებისმიერი დეესკალაცია.

 

 

 


close დახურვა